ამბავი მოდრეკისა, ანუ ქართველი ქალების გასაჭირი

screen-4

ბოლო პერიოდში, ხშირად გვესმის ტელევიზიით ან ვკითხულობთ სოციალურ ქსელში, რომ ყოფილმა ქმარმა მოკლა ყოფილი ცოლი, შვილმა მოკლა დედა და და, შეყვარებულმა ბიჭმა ყელი გამოჭრა გოგოს, რადგან ვერ შეეგუა მასთან დაშორებას. კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენი ასეთი შემთხვევა ფიქსირდება ჩვენს ირგვლივ. საზოგადოებაში გაჩნდა სიმპტომი, რომელიც მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. იგივე საზოგადოება უკვე გასაგები მიზეზიდან გამომდინარე, ადვილად ირგებს ვარდისფერ სათვალეს, რათა გაექცეს  რეალობას. პრობლემა რთულდება და მწვავე ფორმას იძენს. პრობლემის სათავე კი მეტწილად ჩვენს ოჯახებში უნდა ვეძებოთ!

გამუდმებულმა ომებმა და საბჭოთა ოკუპაციამ მძიმე დაღი დაასვა ქართულ აზროვნებას. ქალისადმი პატივისცემა, რაც ასე საამაყო გახლდათ ქართველი ვაჟკაცებისთვის, გადაიქცა მომხმარებლურ დამოკიდებულებად, ურთიერთობები კი – ვალდებულებითი გახდა. ქალი აღიქმება ნივთად, რომელსაც ხან უყვირებ, ხან შეაგინებ, ხან წამოარტყამ – მაგრამ იგი არსად წავა. ვერსად წავა, რადგან შენია, რადგან ეშინია. ასე შთააგონეს ოდესღაც ჩვენს მშობლებსაც. ჩვენმა მშობლებმა კი შთაგვაგონეს ჩვენ, მაშინ, როდესაც ცდილობდნენ ჩვენს მოდრეკას. მოძალადის ქცევა არ არის მხოლოდ მისი პრობლემა. სანამ იგი მოძალადე გახდებოდა, თავად გახდა ათასი სტერეოტიპისა თუ მცდარი შეხედულებების მსხვერპლი. არც მსხვერპლის ქცევა გახლავთ შემთხვევითი. გოგონები, რომლებსაც ბავშვობიდან აჯერებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ მამაკაცთან ხმის ამოღების უფლება, რომ მათი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახლდათ, მოძალადეს ემორჩილებიან თავიანთი ნებით და ფიქრობენ, რომ “სასჯელი” გამართლებულია. ეს გახლავთ მსხვერპლის ფსიქოლოგია. შემთხვევითი არ არის, რომ მოძალადე ბოლომდე ახერხებს თავის ქცევის განხორციელებას და არც თუ იშვიათად, სიტუაცია ფატალურადაც სრულდება. ქალი თავადვე ებმება მოძალადის მახეში, თავს ვერ აღწევს მანიპულირებას, რადგან ამისათვის ძალა არ შესწევს.

შეგნებული ბავშვობიდან მოყოლებული, ერთი რამ ყოველთვის მაოცებდა: როგორ ცდილობდნენ ქართველი მშობლები თავიანთი შვილების მოდრეკას. მოდრეკაში, რა საკვირველია, დამორჩილებას ვგულისხმობ. არა უბრალოდ მშობლისათვის დაჯერებას, გაგონებას ან პატივისცემას, არამედ დამორჩილებას. არ შემშლია. მშობლები დღესაც ცდილობენ ჩააცვან შვილებს ისე, როგორც თავად სურთ, ატარონ იმ სკოლაში, რომელიც თავად სურთ, შეურჩიონ ის წიგნები, რომელიც თავად სურთ. გამოდის, რომ ბავშვის ნება უარყოფილი გახლავთ და მათ მორჩილებას აჩვევენ. ამბობენ, რამდენადაც შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო ეცდება იგი ხელიდან დასხლტომასო. მართლაც ასეა, ჩვენ, ახალგაზრდები მუდმივ ბრძოლაში ვართ ჩართულნი. 11 წლიდან ვიბრძვით თვითდამკვიდრებისთვის, თავისუფლებისთვის, პატივისცემის მოპოვებისთვის. ხოლო მშობლები, რომლებიც ასე განიცდიან ჩვენს ყოველ მცდელობას, ვიყოთ აღიარებულნი, მეტად ცდილობენ მოგვდრიკონ და გვაქციონ მორჩილ შვილებად. ოჰ, როგორი მტკივნეულია მათთვის იმ ნაწილის დათმობა, რაზეც ძალაუფლების მოპოვებით თავიანთ ეგოს იკმაყოფილებენ. და შედეგად, ისინი იღებენ ან უკიდურესად მორჩილ შვილებს, ან ურჩ დივერგენტ არსებებს, რომლებიც მათთვის იმდენად საძულველი ხდება, რამდენადაც სიყვარული აქვთ შვილებისადმი.

თავისუფალი სული ყველა ჩვენგანში არსებობს. თუმცა, საკმარისია საზოგადოებრივ წნეხში მოვექცეთ, რომ ჩვენი თავისუფლების არეალი თანდათან ვიწროვდება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იარსებოს აბსოლუტურმა თავისუფლებამ, მაგრამ ადამიანის ნების არსებობას ეს არ გამორიცხავს. მე ვერ ვიქნები თავისუფალი ჩემს ქმედებაში, თუკი ის რამენაირად არღვევს შენსას, მაგრამ ჩემი ნებაა ავირჩიო მენიუდან ერთ-ერთი კერძი. თუკი შენ ეცდები, რომ ხელი შემიშალო სასურველი კერძის მირთმევაში და უფრო მეტიც, მაიძულებ მივირთვა ის, რაც შენ გსურს – ეს იქნება ჩემი თავისუფალი ნების შეზღუდვა. სწორედ ასე ექცევიან მშობლები შვილებს. ახლა უკვე, 27 წლის ვარ და კვლავ გაოცებით მოვავლებ თვალს გარშემო. რამდენი ინფანტილური, „დიდი ბავშვი“ დადის ქუჩაში, რამდენი „დივერგენტი“ და ურჩი შვილია და ვხვდები ერთს, რომ არც ერთი არ არის ბედნიერი. დიდ ბავშვებს არასდროს ჰქონიათ თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ურჩი შვილები კი მშობლებთან მუდმივ ბრძოლაში კარგავენ ცხოვრების საუკეთესო წლებს. ორივე შემთხვევაში, მშობლები ახერხებენ შვილებზე კონტროლის მოპოვებას, ბრძოლაში ჩაბმაც ხომ უკვე კონტროლის ზონაში მოხვედრას ნიშნავს? ხშირად, მშობლისთვისაც ხელსაყრელია ებრძოლოს შვილს, ვიდრე გაუშვას. ასეთი მშობლებიც ვერასდროს აღწევენ ბედნიერების განცდას და რატომ? რისთვის ხდება ასე? ნუთუ ეს არის ევოლუციის კანონი, იბრძოლო შთამომავლობის დასატოვებლად და შემდგომ, ებრძოლო მას? ნუთუ, ევოლუციის მიზანი არა მშობლობა, არამედ კონტროლის არეალის გაფართოვებაა? არა მგონია, ეს ასე იყოს. ვფიქრობ, პრობლემის სათავე კულტურულ საწყისებში ან პიროვნულ ტრავმებში უნდა ვეძიოთ და არა ბიოლოგიურ კანონზომიერებებში.

ქართველი ქალისადმი დამოკიდებულება მომდინარეობს მის მიმართ საზოგადოებრივი მოლოდინებიდან, რომ ქალს უფრო ნაკლები გონებრივი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე მამაკაცს; ქალი უნდა იყოს მამაკაცის მსახური; ქალს უნდა აკონტროლებდეს ქმარი, მამა, ძმა და შესაბამისად, ისიც უნდა იყოს დამჯერი მათ მიმართ. ქალის მიმართ კიდევ უამრავი სტერეოტიპი არსებობს, თუმცა მათ განხილვას აქ არ დავუთმობ დროს. ყურადღება ამ ძირითად საკითხებზე მსურს შევაჩერო, რაც ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია. ამბავი მოდრეკისა, პირველ რიგში, გულისხმობს გოგონების, ქალების მოდრეკას, მათ სრულ დამორჩილებას, რაც ადვილად მიიღწევა მაშინ, როდესაც იგი არ მუშაობს და ვერ იღებს განათლებას. მეორე მხრივ კი მოდრეკა ეხებათ იმ ბიჭებსაც, ვისი თავისუფალი ნებაც შეზღუდულია და ნებსით თუ უნებლიედ ხდებიან მშობლების მხრიდან არაპირდაპირი,  ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

“თუკი წავალ, რას იტყვიან სხვები?” – “სხვების” აზრისათვის უდიდესი მნიშვნელობის მინიჭებაც ჩვენს ოჯახებში ხდება. ჩვენ ხომ კოლექტიური საზოგადოება ვართ? გვეშინია სხვების მხრიდან გაკიცხვის და უარს ვამბობთ ჩვენივე ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე. ასე გაიზრდნენ ჩვენი მშობლებიც. მათ უარი თქვენს თავიანთ სურვილებზე, მათ უარყვეს საკუთარი თავები. მართალია, ბავშვობაში პროტესტის გრძნობა მათაც ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ საზოგადოებამ გაიმარჯვა. თანაც, გაიმარჯვა ისე, რომ მათ ფსიქოლოგიაზე მტკივნეული კვალი დატოვა. ასეთი მშობლები კი ყოველთვის ტკენენ საკუთარ შვილებსაც. საკუთარი ვერმიღწეული მიზნებისა და ვერგანხორციელებული სურვილების გამო, ისინი სჯიან მომავალ თაობებს და ისეთივე მონდომებით აიძულებენ საზოგადოებრივი სტერეოტიპების მორჩილებას, როგორც ოდესღაც თვითონ დაემორჩილნენ მას. ვერმიღწეულ სურვილებში ვგულისხმობ შემდეგს: ზოგიერთ მათგანს სურდა გამოსულიყო მსახიობი, მაგრამ გახდა ეკონომისტი, რადგან მშობლებმა დააძალეს, შემდეგ კი მისი დიპლომით მეზობლებში იამაყეს. ზოგს სურდა საყვარელ ადამიანზე დაქორწინებულიყო, მაგრამ ვერ იქორწინა, რადგან მშობლებმა დააშორეს; დაქორწინდა სხვაზე, მშობლებმა 500 კაციანი ქორწილი გადაუხადეს, მაგრამ ოჯახში მუდმივად დაძაბულობა ჰქონდათ. ზოგმა, მაინც იქორწინა საყვარელ ადამიანზე, მაგრამ მშობლებმა ზურგი აქციეს; ზოგიერთს, მშობლებმა კლასიკურად ჩაცმა აიძულეს, რადგან მისი პანკური სტილი მეზობლებში უსიამოვნო განცდას იწვევდა; ძალიან ბევრ ქალს კი აიძულეს, ეცხოვრა მოძალადის გვერდით, რადგან განათხოვარ ქალს საზოგადოება არ სწყალობს… თითოეული ასეთი მცდელობა, უარყო შვილის ნება და დაიმორჩილო, მასზე გაუცნობიერებელი ძალადობაა. არც თუ იშვიათად, მშობლები ამას შვილის უგნურებით ამართლებენ და ხსნიან, რომ მათი მხრიდან რაიმეს იძულება მათივე ცხოვრებისეული გამოცდილებითაა ნაკარნახები. მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან ერთს, რომ ასეთი დამოკიდებულებით, შვილებს პოტენციურ მოძალადეებად ან მსხვერპლებად აყალიბებენ. რათქმაუნდა, მხოლოდ ვერგანხორციელებული სურვილი თუ მიზანი, ვერ გახდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანი მოძალადედ ან მსვერპლად ჩამოყალიბდეს. ამას ემატება უღირსობისა და უსუსურობის განცდაც, რასაც შვილი განიცდის მშობლების მხრიდან უნდობლობის გამოხატვისას. თუკი მშობელი თვლის, რომ შვილი უგნურია და დამოუკიდებლად ვერაფერს შეძლებს, შვილის თვითშეფასება საგრძნობლად ეცემა, ხდება მშობელზე დამოკიდებული და თავს იჩენს ამბივალენტური გრძნობა – ერთი მხრივ გაქცევის სურვილი, მეორე მხრივ კი დარჩენის მოთხოვნილება, რადგან თვლის, რომ მის გარეშე უსუსურია და ვერ გადარჩება. მშობელი ასე იწებებს შვილს და მართავს ცხოვრების ბოლომდე, მანამ სადამდეც ძალა შესწევს.  ასეთი მშობელი თავადაც ტრავმირებულია და ოდესღაც, თავადაც გახლდათ არაპირდაპირი ძალადობის მსხვერპლი. შვილის გაშვება, შვილის საზღვრების აღიარება და მათი ნების პატივისცემა ნიშნავს საკუთარი უსუსურობის გაცნობიერებას, რომ ოდესღაც შეგეძლო გებრძოლა და ვერ გახდი ის, ვინ გსურდა ყოფილიყავი. ამის გაცნობიერება იმდენად მტკივნეულია, რომ ურჩევნია, შვილი დაიმგვანოს, თავის ანარეკლად აქციოს, რადგან ოდესღაც საკუთარ თავზე დაკარგული კონტროლი, შვილის გაკონტროლებით აინაზღაუროს!

“დაიმსახურა, რომ ჩემმა შვილმა მოკლა” – ტელევიზიით ვიგებ მოძალადის დედისგან და წარმოვიდგენ, რამდენად დამდაბლებულია ადამიანი, რომელიც საზოგადოებასთან მორჩილებაში კარგავს საკუთარ თავს. ის “დამსახურებად” თვლის მკვლელობას, რადგან “ცოლი, რომელიც ქმარს არ ემორჩილება – სიკვდილის ღირსია!” ასე შთააგონეს მას. ასე ემორჩილებოდა თავის მეუღლეს და მაინც, მუდამ აკლდა რამდენიმე კბილი. მთავარია, ამაზე არსად საუბრობდა, მთავარია, საზოგადოების წინააღმდეგ არ მიდიოდა. მაგრამ, სანაცვლოდ, ყოველდღე ეუბნებოდა შვილს, რომ ცოლად უღირსი მოიყვანა. რომ “ქალი მას უნდა ემორჩილებოდეს და თავის ნებაზე არ მიუშვას…”

ნათქვამია, „ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე გერჩივნოსო“ . არც თუ იშვიათად, სიმართლე მწარეა, მაგრამ მის ცოდნას თუ გაცნობიერებას თავისი დრო და ადგილი აქვს. ზოგჯერ, მწარე სიმართლე გვაფხიზლებს და ბრძოლისუნარიანობას გვმატებს, ზოგჯერ კი პირიქით, ისე ჩაგვცემს ლახვარს გულში, რომ მოურჩენელი იარა სულის განგრენად იქცევა და გვართმევს სიძლიერეს, თვითრწმენას… სწორედ ისე, როგორც ნამცხვრის ყუას ჩამოვჭრით და იგი ვეღარასდროს იქნება იდეალური – გვასუსტებს და გვაუძლურებს. თავის მხრივ, ტკბილი ტყუილი კარგი ცხოვრების ილუზიას გვიქმნის და ვდუნდებით. ასე ემართება საზოგადოებასაც, როდესაც თვალს ხუჭავს ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ადამიანებს არ სურთ სათვალის მოხსნა, რადგან ასე მწარე რეალობას ვერ გაექცევიან, პრობლემასთან შებრძოლების უნარი კი მათ არ შესწევთ, რადგან ისევ “სხვების” აზრზე არიან დამოკიდებულნი…

 


ავტორი: ნინო ლინჩიკი

Leave a comment